ამ კითხვაზე ყველაზე მოკლე პასუხია: იმიტომ, რომ განავითარო პროგრამული უზრუნველყოფა და განვითარდე თავად.
დღეს მსოფლიო ბაზრის სერვერების მეტი წილი სწორედ ღია პროგრამულ უზრუნველყოფაზეა დაფუძნებული. სმარტფონები OpenSource-ლიცენზიაზე დაფუძნებულ ოპერაციულ სისტემა ანდროიდზე მუშაობს. ბევრმა არც იცის რომ ანდროიდი არის ლინუქსი, ხოლო ლინუქსი ღია პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიით განვითარებული პროდუქტი რომელიც ზემოდ ხსენებულ სერვერებს მართავს. ამ ლიცენზიის მქონე პროდუქციის ჩამოთვლა გაცდება თემის ძირითად შინაარსს და ცნობილ რამდენიმე პროდუქტს ჩამოვთვლი რომლითაც ყოველდღიურად ვსარგებლობთ კომპიუტერთან ან სმარტფონთან ურთიერთობის დროს:

  • Mozilla Firefox
  • Chromium (რომელიც Google Chromes-ს ძრავს წარმოადგენს)
  • VLC Media PLayer
  • Android

ხშირად იმართება დისკუსიები და კამათი იმის თაობაზე თუ რომელი უნდა იყოს განვითარებული, ღია პროგრამული უზრუნველფოფა თუ პროპრიეტარული (საკუთრებაში) მყოფი პროგრამული უზრუნველყოფა რომლის კოდიც არ არის ხელმისაწვდომი გარდა მისი მფლობელებისა და კონკრეტული პირებისა თუ ორგანიზაციებისთვის.
ჩემი პასუხია რომ ეს ორივე აუცილებელია და რატომ?:
თუ გადავხედავთ ტექნოლოგიის ისტორიას ღია პროგრამული უზრუნველყოფის გარკვეული ნაწილი სწორედ პროპრიეტარულ პროგრამული უზრუნველყოფის გაგრძელებაა. მაგალითად ავიღოთ Mozilla Firefox, მისი წინამორბედი 90-იან წლებში  გახლდათ Netscape, რომელიც როგორც კომერციული და საკუთრებაში მყოფი საკმაოდ წარმატებული პროდუქტი იყო. 1997-წელს, ერიკ რეიმონდის გამოცემა “The Cathedral and the Bazaar”, Netscape-სთვის მნიშვნელოვანი მოტივატორი გახდა, რათა 1998-ში მიეღო გადაწყვეტილება მისი ღია პროგრამულ უზრუნველყოფად გარდასაქმნელად.
პროგრამირებაში თითქმის არ არსებობს წარმატებული ვებ პროექტი რომელიც ajax-ტექნოლოგიას არ იყენებდეს. ამ ტექნოლოგიის წინამორბედი გახლდათ პროპრიეტარული პროგრამული უზრუნველყოფა Microsoft Internet Explorer რომლისთვისაც კომპანია Microsoft-მა Iframe ტექნოლოგია შეიმუშავა რომ ვებგვერდის გადატვირთვის გარეშე ჩატვირთულიყო დამატებითი ინფორმაცია გვერდზე, შემდეგ ის Mozilla Firefox-ის ბაზაზე დაიხვეწა და უკვე ajax-ის საწყისი ფორმა მიიღო. Google-მა კი gmail-ში მისი უფრო მეტად დახვეწა მოახდინა რის შედეგადაც ეს ტექნოლოგია ბრაუზერის კონკრეტულ სახეობაზე ნაკლებად იყო დამოკიდებული.
არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ პროდუქტების საწყისი ვარიანტისთვის გარკვეული სამუშაოები ჩატარდა და ხარჯები იქნა გაწეული. ხოლო ღია პროგრამული უზრუნველყოფის საწყისი ვარიანტის დაფინანსების წყარო ხშირ შემთხვევაში თავად ავტორია რომელიც საკუთარ შემოსავალს ხარჯავს, რომ ეს პროდუქტი განვითარდეს და შემდეგ დაინტერესების შემთხვევაში ჩაერთოს სპონსორი ორგანიზაციები. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ასეთი წამოწყების პროექტები არ არის ძლიერი. მაგალითისათვის NginX სერვერი რომლის ძრავის შექმნა ერთ პროგრამისტს ყაზახეთის მოქალაქე იგორ სისოევს უკავშირდება და დღეს ამ სერვერს ბაზრის მნიშვნელოვანი წილი უკავია, და ისეთი ცნობილი სერვერი როგორიცაა apache ჩრდილში მოაქცია. ვებკონტენტის მართვის ძრავების Joomla, WordPress შექმნა აგრეთვე კონკრეტულ პიროვნებებს უკავშირდება. თავად პროპრიეტარული პროგრამული უზრუნველყოფის მქონე ორგანიზაციებიც როგორიცაა Microsoft, Oracle ღია პროგრამულ უზრუნველყოფაზე არიან დამოკიდებული.
საქართველოში ეს სფერო საკმაოდ ჩამორჩება დანარჩენ მსოფლიოს, რისი მიზეზიც ჩემის აზრით არაინფორმირებულობაა, როგორც ბიზნესმენების ისე სახელმწიფოსი. საჭიროა ინფორმაციის ისეთი ფორმით მიწოდება, რომ მოტივაცია გაუჩნდეთ ამ სფეროს ინვესტირების.
შარშან პოსტი დავდე რამდენიმე ქართულ ფორუმზე სადაც გასაგებად აღვწერე ამ სფეროს მნიშვნელობა, როგორც სახელმწიფოსათვის ისე კერძო სეკთორისათვის.

ავტორი: კახაბერ კაშმაძე